მეორე ტური (2020)
დეტექტივობანა
დავით ჩომახიძე 5438
ბიოგრაფია




მე გახლავართ დავით ჩომახიძე, ბათუმიდან. მყავს  ოჯახი: - მეუღლე ნინიკო  და 9 წლის ვაჟი იაკობი.






დავიბადე ბათუმში 1975 წელს.






სტუდენტობა ქუთაისში გავატარე.






2010 წლიდან ვმუშაობ შემოსავლების სამსახურში.






თუმცა სანამ შემოსავლების სამსახურის დიდ გუნდს შევუერთდებოდი, ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ვმუშაობდი ბათუმის მერიაში.






სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში, ვეწეოდი ჟურნალისტურ საქმიანობას: - ახალგაზრდული გაზეთი „გზა მართალი“, ყოველკვირეული გაზეთი „აჭარა P.S“, დამოუკიდებელი გაზეთი „24 საათი აჭარა“, აიპ. მუნიციპალური გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“, პარარელურად ვთანამშრომლობდი ჟურნალებთან: - „ცისკარი“, ჭოროხი“, „ალავერდი“.






წერა?






წერა - ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია.






ბავშვობიდან  ვწერ.






აზრის გადმოცემა წერილობით უფრო მეხერხება, ვიდრე ვერბალურად, წერის დროს თითქოს ჩემს პერსონაჟებს ვესაუბრები, მათ სიხარულსა და ტკივილს ვიზიარებ, ზოგჯერ კი მათი თვალით ვუმზერ სამყაროს.






ასე ვცდილობ ნაწარმოებს სული შთავბერო.






როცა „ლეპტოპს“ მივუჯდები, ვგრძნობ როგორ იცვლება ჩემს ირგვლივ არსებული გარემო, გამოგონილ სამყაროში გადავდივარ, რომელიც რეალურისგან ბევრად განსხვავდება.






იქ მხოლოდ ჩემთვის მისაღები მიკროკლიმატია შექმნილი, უცხო ადამიანი ალბათ დაიბნევა, ორიენტირს დაკარგავს, თავს არაკომფორტულად იგრძნობს, რადგან იქაური კანონები მარტო ჩემზეა მორგებული.






მეგობრები უცნაურად მთვლიან.






არ მიკვირს მათი.






თუმცა სულაც არა ვარ განსხვავებული, რადგან ყველა ვისაც ოდესმე რამე შეუთხზავს, ჩემნაირად გრძნობს და განიცდის.











ძირითადად ვწერ ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში. პერიოდულად ჩემი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალებში: - „ცისკარი“, ჭოროხი“, „ალავერდი“. რამდენიმე რომანი განთავსებულია ლიტერატურულ პორტალებზე:  SABA.COM.GE, LIT.GE, 4LOVE.GE.






კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ადრეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ წარდგენილი მქონდა ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები.






სამწუხაროდ რჩეულ ხუთეულში ვერ მოვხვდი.






თუმცა არ დავნებებულვარ, არც ენთუზიაზმი გამნელებია, პირიქით უფრო თავგამოდებით შევუდექი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას.






ამჯერად კონკურსისთვის კრიმინალური თრილერი შევარჩიე, რომელიც ჩემი აზრით ქართველი მკითხველის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.






რამდენად წაკითხვადი გამომივიდა ვერ გეტყვით, მისი შეფასება თქვენთვის მომინდია მკითხველო.







სინოპსისი

„დეტექტივობანას“ გმირი ახალგაზრდები, ოთხმოცდაათიანებისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობენ, კორუფცია, ნეპოტიზმი და კრიმინალი მათთვის ჩვეულებრივ მოვლენად გადაქცეულა, მდორედ მიჰყვებიან დროის დინებას: - უმუშევრობა, უპერპექტივობა და უსახსრობა მათი ცხოვრების თანდევი ნაწილია.






ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ახალგაზრდული „გარჩევის“ შემდეგ, ბოროტ ხულიგნობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდებენ ბრალს.






ნაწარმოების გმირები თავს უდანაშაულოდ თვლიან და საკუთარ გამოძიებას იწყებენ.






გამოძიება თანდათან თამაშს ემსგავსება, რადგან მათ არც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, არც დეტექტივის უნარ-ჩვევები, არც ფინანსები  და არც ხელისუფლების მხარდაჭერა.






რომანებიდან ამოკითხული ხერხებით ცდილობენ სიმართლის დადგენას.






უნებურად დაწყებული გამოძიება ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფამდე მიიყვანთ, რომლის წევრები უკვე წლების განმავლობაში, „ტრეფიკინგში“ არიან ჩართულნი, უმოწყალოდ ხოცავენ უსახლკარო ადამიანებს და ამოცლილ ორგანოებს ქვეყნის გარეთ არსებულ „შავ ბაზარზე“ ყიდიან.






სწორედ მაშინ გააცნობიერებენ, რომ ამ დამნაშავეობრივი ჯგუფის წინააღმდეგ, მარტო საკუთარი ძალებით ვერას გახდებიან, აუცილებლად სჭირდებათ პროფესიონალის გვერდში დგომა.






ახალგაზრდა გამომძიებელი ქალი, რომელიც გმირების კრიმინალისტიკის ლექტორიც გახლავთ, მათ დახმარებას გადაწყვეტს.






„დეტექტივობანა“ უკვე აღარ ჰგავს თამაშს, ხიფათით აღსავსე თავგადასავლად გადაიქცა, არც გმირები აზროვნებენ ქარაფშუტა სტუდენტებივით, გამობრძმედილი დეტექტივებივით გეგმავენ ყოველ ნაბიჯს, თუმცა ფინალი მოულოდნელობებით აღსავსე სიურპრიზებს ჰპირდებათ.






5438
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი