პირველი ტური (2020)
ჩემი მსუქანი მე
ხათუნა ტატუაშვილი 423
ბიოგრაფია

დავიბადე 1973 წლის 29 მაისს,თბილისში.
დავამთავრე 22-ე საშუალო სკოლა.
დედა მულტ-სტუდიაშიმუშაობდა და ეს ადგილი მეორე სახლივით იყო ჩემთვის.  ბავშვობიდანვე, იქაური ფერების, სუნების, ხმების, განათების და ასევე, ჩემს თვალწინ შექმნილი "მულტ-ფილმების" საოცარმა სიყვარულმა განაპირობა ჩემი პროფესია. დამთავრებული მაქვს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. განათლებითაც და პროფესიითაც მხატვარი-ანიმატორი გახლავართ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ის ჩემთვის ჯადოქრობასთან ასოცირდება.
როცა შენ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, უბრალო ფურცელზე დახატულ უსულო პერსონაჟს, ფანქრით - ანუ ჯადოსნური ჯოხით აცოცხლებ და სულს შთაბერავ, ჯადოქარი ხარ აბა რა!!!
ამ პერსონაჟს პატარა შვილივით სულ თავს ევლები, დღე და ღამე მასზე ფიქრობ.  დილიდან საღამომდე ხატავ! და ხატავ!! და ხატავ!!! ისიც იზრდება, იხვეწება, ცოტა ხანში საკუთარ ხასიათს ავლენს და სულ მალე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს ფილმის სახით. უდიდესი სიამოვნებაა როცა მისი წარმატების მომსწრე ხარ. მართალია, საკუთარი ფილმის შესაქმნელად, ჯერ ვერ მოვიცალე. თუმცა ვფიქრობ, ჩემს ბიოგრაფიაში მისი დრო ჯერ არ დამდგარა. ის ბედნიერება კი ნამდვილად მხვდა წილად, რომ მომავალ თაობას ვუზიარებ ჩემს მდიდარ გამოცდილებას. 2012 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ანიმაციას ვასწავლი.
წერას რაც შეეხება, ბავშვობიდანვე მიყვარდა. ლექსებსაც ვწერდი. თუმცა მათ ძალიან პირადული ხასიათი ჰქონდა და ვერასდროს ვბედავდი გასაჯაროებას.
ამ წიგნის დაწერაც ჩემმა დიდმა ტკივილმა გამაბედინა. ეს ტკივილიც ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია. ის, რომ ხან ტანწერწეტა ლამაზი გოგო ვარ და ხანაც მსუქანი დედაკაცი, სულაც არ არის ჩემი შექმნილი ანიმაციური ფილმის პერსონაჟი!!!
ეს მე ვარ. ნამდვილი მე!!!!
და მართლაც ასე ვარ...
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა ჭარბ წონას და სიმსუქნეს ვებრძვი. ერთ მშვენიერ დღეს, ისევ რომ მოვიმატე და ძალიან, ძალიან გამიჭირდა, მომინდა ყველა იმ დაგროვილი ემოციებისგან გათავისუფლება, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე მაწუხებდა და2019 წელს ამ მტკივნეულ თემაზე ბლოგის წერა წამოვიწყე.
www.mevargamxdari.com
https://www.facebook.com/mevargamxdari/?modal=admin_todo_tour
მას ბევრი მკითხველი გამოუჩნდა და როგორც აღმოჩნდა, ის ყველაფერი რასაც ვწერდი, ბევრისთვის ძალიან ნაცნობია ღმოჩნდა. ვიგრძენი რომ მარტო არ ვარ და ამან კიდევ უფრო გამაძლიერა. ბევრი ახლაც მწერს, რომ არაერთხელ ამოიცნო საკუთარი თავი ჩემს ნაწერებში და დიდი სურვილი აქვს ეს ყველაფერი წიგნის სახით იქონიონ. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. იმედია, ჩემი ემოციებით დატვირთული წიგნი, მართლაც ბესტსელერი გახდება და ეს საამაყო ეპიზოდიც ჩემი ბიოგრაფიის საინტერესო ნაწილი იქნება.
მყავს მეუღლე, 2 შვილი და საკმაოდ მსუქანი ფისო. )))

სინოპსისი
ეს წიგნი ავტობიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებია. ავტორი ჭარბწონიანი ადამიანია რომელიც მთელი ცხოვრებაა სიმსუქნეს ებრძვის. მისთვის ჭარბი წონა დაუძინებელ და დაუმარცხებელ მტრად იქცა. მის გამო არაერთი არასასიამოვნო თავგადასავალი გადახდენია და ამ ყველაფერს ტკივილნარევი იუმორით გადმოსცემს. ის ცდილობს ყველა ხერხით ებრძოლოს ჭარბ წონას. ეს ხერხები ხანდახან ეფექტურია. ახერხებს წონის დაკლებას, მაგრამ უმეტესწილად ეს  დროებითია და დაუძინებელი მტერი ყოველ ჯერზე ბრუნდება. ის კი არ ნებდება და წონის ყოველ დაბრუნებას სხვადასხვანაირად ხვდება. წიგნის ავტორი თამამად აღწერს ყველა იმ დისკომფორტს რაც ჭარბწონიანი ადამიანის ყოფას ახლავს თან. წონის კლებას რა სასიამოვნო შეგრძნებები მოაქვს, ეგეც კარგად აქვს განცდილი და მაგასაც დეტალურად აღწერს.
ის წლებია მისი დაუმარცხებელი მტრის წარმომავლობას ეძებს და მას საკუთარ თავში პოულობს. თუმცა, მხოლოდ პოვნა, სულაც არაა საკმარისი.

423
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი