პირველი ტური (2020)
დეტექტივობანა
დავით ჩომახიძე 2230
ბიოგრაფია

გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო!

მე გახლავართ დავით ჩომახიძე, ბათუმიდან. მყავს  ოჯახი: - მეუღლე ნინიკო  და 9 წლის ვაჟი იაკობი.

დავიბადე ბათუმში 1975 წელს.

სტუდენტობა ქუთაისში გავატარე.

2010 წლიდან ვმუშაობ შემოსავლების სამსახურში.

თუმცა სანამ შემოსავლების სამსახურის დიდ გუნდს შევუერთდებოდი, ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ვმუშაობდი ბათუმის მერიაში.

სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში, ვეწეოდი ჟურნალისტურ საქმიანობას: - ახალგაზრდული გაზეთი „გზა მართალი“, ყოველკვირეული გაზეთი „აჭარა P.S“, დამოუკიდებელი გაზეთი „24 საათი აჭარა“, აიპ. მუნიციპალური გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“, პარარელურად ვთანამშრომლობდი ჟურნალებთან: - „ცისკარი“, ჭოროხი“, „ალავერდი“.

 

წერა?

წერა - ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია.

ბავშვობიდან  ვწერ.

აზრის გადმოცემა წერილობით უფრო მეხერხება, ვიდრე ვერბალურად, წერის დროს თითქოს ჩემს პერსონაჟებს ვესაუბრები, მათ სიხარულსა და ტკივილს ვიზიარებ, ზოგჯერ კი მათი თვალით ვუმზერ სამყაროს.

ასე ვცდილობ ნაწარმოებს სული შთავბერო.

როცა „ლეპტოპს“ მივუჯდები, ვგრძნობ როგორ იცვლება ჩემს ირგვლივ არსებული გარემო, გამოგონილ სამყაროში გადავდივარ, რომელიც რეალურისგან ბევრად განსხვავდება.

იქ მხოლოდ ჩემთვის მისაღები მიკროკლიმატია შექმნილი, უცხო ადამიანი ალბათ დაიბნევა, ორიენტირს დაკარგავს, თავს არაკომფორტულად იგრძნობს, რადგან იქაური კანონები მარტო ჩემზეა მორგებული.

მეგობრები უცნაურად მთვლიან.

არ მიკვირს მათი.

თუმცა სულაც არა ვარ განსხვავებული, რადგან ყველა ვისაც ოდესმე რამე შეუთხზავს, ჩემნაირად გრძნობს და განიცდის.

 

ძირითადად ვწერ ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში. პერიოდულად ჩემი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალებში: - „ცისკარი“, ჭოროხი“, „ალავერდი“. რამდენიმე რომანი განთავსებულია ლიტერატურულ პორტალებზე:  SABA.COM.GE, LIT.GE, 4LOVE.GE.

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ადრეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ წარდგენილი მქონდა ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები.

სამწუხაროდ რჩეულ ხუთეულში ვერ მოვხვდი.

თუმცა არ დავნებებულვარ, არც ენთუზიაზმი გამნელებია, პირიქით უფრო თავგამოდებით შევუდექი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას.

ამჯერად კონკურსისთვის კრიმინალური თრილერი შევარჩიე, რომელიც ჩემი აზრით ქართველი მკითხველის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

რამდენად წაკითხვადი გამომივიდა ვერ გეტყვით, მისი შეფასება თქვენთვის მომინდია მკითხველო.

სინოპსისი

ნაწარმოები „დეტექტივობანა“ მკითხველს ოთხმოცდაათიან წლებში დააბრუნებს, როცა ცხოვრება - 4G ინტერნეტის, სოციალური ქსელების, სმარტფონების, ჰიბრიდული ავტომობილების, მინიატურული დრონებისა და ნანოტექნოლოგიის გარეშე ბევრად რთული იყო, როცა ახლადმოპოვებულ დამოუკიდებლობას კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი ძირგამომპალი ხელისუფლება ლაფში სვრიდა, სიღარიბეს, პოლიტიკური ბატალიები და შინაომი ერთოდა.

საზოგადოების მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და სუბკულტურა განსხვავებული კალაპოტით მიედინებოდა, კორუფცია, ნეპოტიზმი და კრიმინალი კი მომძლავრებული გახლდათ.

ნაწარმოების გმირი ახალგაზრდები, ჩვეულებისამებრ, მიჰყვებიან დროის დინებას: - უმუშევრობა, უპერპექტივობა და უსახსრობა მათი ცხოვრების თანდევი ნაწილია.

ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ახალგაზრდული „გარჩევის“ შემდეგ, ბოროტ ხულიგნობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდებენ ბრალს.

გმირები საკუთარ გამოძიებას იწყებენ.

გამოძიება თანდათან თამაშს ემსგავსება, რადგან მათ არც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, არც დეტექტივის უნარ-ჩვევები, არც ფინანსები  და არც ხელისუფლების მხარდაჭერა.

რომანებიდან ამოკითხული ხერხებით ცდილობენ სიმართლის დადგენას და შემართებით ერბრძვიან განუკითხაობას.

სიუჟეტი იძაბება, გამოძიების არაორდინალური ხერხი, ნაწარმოების გმირებს ჯერ თავბრუდამხვევ თავგადასავლებს და ფათერაკებს მოუვლენს, საბოლოოდ კი აღმოაჩენენ, რომ ორგანიზებული დანაშაულის ქსელი გამოააშკარავეს.

2230
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი