პირველი ტური (2019)
ჩემი საყვარელი დანა
ვალერი ოთხოზორია 15
ბიოგრაფია

ჩემი ცხოვრების არაფრისმთქმელი ქრონიკა:

ჩემი სახელი და გვარია ვალერი ოთხოზორია. დავიბადე აფხაზეთში 1988 წელს (შესაბამისად, 30 წლის ვარ), ოთხი წლის ვიყავი როცა წამოსვლა მოგვიწია. ოთხ წლამდე მქონდა ძალიან ბევრი სათამაშო, მათ შორის ისეთები, რაც ყველას არ ქონდა. ოთხი წლის შემდეგ მქონდა ძალიან ცოტა სათამაშო, უმეტესობა დამტვრეული, ნაწილი კუსტარული და ნაწილიც - ჩემ მიერ მოგონებული (მაგ., წამლის მუყაოს ყუთი, როგორც ავტომობილი, ან თხილის ტოტი, როგორც ავტომატი). ვთამაშობდი ძალიან დიდხანს, დაახლოებით მე-10 კლასამდე, იქამდე, ვიდრე სათამაშოების ერა დიდი ხნის ნანატრმა ველოსიპედმა არ შეცვალა. თავიდან ლექსების წერა დავიწყე, მერე - მოთხრობების, მერე - პიესების და რომანების. რომანის შექმნის ხუთმა ცდამ შუამდეც ვერ მიაღწია. ეს პირველი სრულფასოვანი რომანია, რომელიც როგორც დაიწყო, ისევე მტკიცედ გაგრძელდა. ჩემი ნაწერები დიდად არსად არ დაბეჭდილა (მე თუ მკითხავთ, არც იყო დასაბეჭდი), ხოლო იმ ჟურნალების გახსენება, სადაც ოდესღაც ჩემი რაღაც დაიბეჭდა, გამიჭირდება... რაც შეეხება პიესებს, თანაავტორობით შექმნილმა პიესამ - „ხუთშაბათი“, 2018 წლის მიხეილ თუმანიშვილის პრემია მიიღო, ხოლო 2019 წელს ბერნარ-მარი კოლტესის პიესის ჩემი თარგმანი მიხეილ თუმანიშვილის სპეციალური პრიზით აღინიშნა.

ჯერჯერობით ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემს სახლს აუცილებლად დავუბრუნდები.

სინოპსისი

„ჩემი საყვარელი დანა“ ქვია რომანს პატარა ბიჭზე, რომელიც სამყაროში ადგილის დამკვიდრებასა და პრობლემების მოგვარებას დანით ცდილობს. დანით იგი ცდილობს საკუთარი იმიჯის შექმნას, ძალაუფლების მოპოვებასა და დედის დაბრუნებას, რომელიც მისი თვალთახედვით მამინაცვალმა მოსტაცა. უფრო ზუსტად, ბიჭს ჰგონია, რომ დედამ უღალატა, ვინაიდან გათხოვდა... ბიჭი თავადვე აცნობიერებს, რომ დედის მიმართ გადაჭარბებული გრძნობა აქვს, თუმცა რომანის პირველ ნაწილში იგი ვერ ერევა ამ გრძნობას.




პატარა ბიჭი, რომელსაც ჰამლეტუნა ქვია (ის სწორედ ამ სახელით გვეცნობა), გონებრივად საკმაოდ განვითარებული არსებაა. მას უყვარს ფიქრი და უცნაური აზრებიც აწუხებს. ამას თავადვე აცნობიერებს და არავის უყვება, ვინაიდან საზოგადოებას კარგად იცნობს. საზოგადოებას მხოლოდ ჩლუნგები უყვარს, - თვლის ის, მას კი დაჩლუნგება ნამდვილად არ უნდა.

რომანი დაწერილია პირველ პირში, ბიჭი გვიყვება თავის ისტორიას. არავინ იცის, ეს მისი დღიურებია, თუ არაცნობიერი მონოლოგი (იქნებ, აღსარება?..). მოყოლას იგი იწყებს სწორედ მას შემდეგ, რაც დანა მოიპოვა და მაგარ ბიჭად იგრძნო თავი. რომანის პირველ ნაწილში მკითხველი ასევე იმას გაიგებს, თუ როგორ ცდილობს ბიჭი დანის დახმარებით „ფოკუსის გასწორებას“.


ჟანრობრივად რომანი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამას. იგი განკუთვნილია 12 წლის ზევით ნებისმიერი მკითხველისთვის.

15
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი