პირველი ტური (2019)
ოდისევსის სინდრომი
ნანი მანველიშვილი 2855

ბიოგრაფია
ადამიანების ისტორიების ჩამწერის პროფესია რომ არსებობდეს, პირველ რიგში მე ვიქნებოდი. მაინტერესებს, ყველაფერი რაც ადამიანურ ისტორიებს ეხება, მიყვარს ამბების გაზიარება და სხვების ადგილზე თავის წარმოდგენა. ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს იყო, ისტორიკოსობა რამაც გადამაწყვეტინა, შეგროვების და ძიების პროცესი. ახლაც, ვაგროვებ ადამიანურ ისტორიებს, ტკივილსაც და სიხარულსაც. ხანდახან როცა მინდება, ვაცოცხლებ მოსმენილი ამბების საფუძველზე ახალ პერსონაჟებს, შეცვლილი მომენტებით. ასე მოვედი აქამდე, ბევრი ძველყდიანი რვეულით სავსე... გასულ წელს, ჩემი მხატვრული ესსე „ფენიქსური ასწლედი“ დაიბეჭდა წიგნში „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ რესპუბლიკის ასი წელი“. ძირითად შემთხვევაში კი ჩემი შექმნილი პერსონაჟები ფართო საზოგადოებას თავს არიდებენ, არ უყვართ ხალხმრავლობა. ახლაც, არ უნდოდათ და ძლივს დავითანხმე. ეს დებიუტია ჩემთვის, როგორც რომანის ავტორისთვის (მანამდე უფრო ჩანახატების, ესსეების მოყვარული ვიყავი) და მათთვისაც, როგორც რომანის მთავარი გმირებისთვის. ჩემი პერსონაჟები ჯერ კიდევ ახალციხეში, ჩემთან ერთად დაიბადნენ, მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლეს. ზოგი ჩამომშორდა, ზოგი შორეულ მოგზაურობაშიც გამომყვა, ჩემთან ერთად ვითარდებოდნენ და ემიგრანტების გვერდით ცხოვრებას სწავლობდნენ კარგა ხანს. ჩვენ სულ ერთად ვართ, მე კი არ ვწერ, პერსონაჟები მაწერინებენ საკუთარ ამბებს: ზოგჯერ მოსაწყენს და ზოგჯერ გულსატკენს. საერთო ერთი რამე აქვთ: ადამიანურობის მაღალი მაჩვენებელი...




სინოპსისი




კატერინა 90-იან წლებში საქართველოში გაზრდილი გოგოა, რომელსაც ომიც უნახავს, გაჭირვებაც და პირადი უბედურებაც. ამიტომ, ერთ დღეს იძულებული ხდება მიატოვოს შვილი და საკუთარი თავის შესაცნობად, უკეთესი მომავლის იმედით შორეულ ქვეყანაში ემიგრანტი გახდეს.




ეს არის ამბავი არა ერთი არამედ, ყველა მოქმედი გმირის მიერ მოყოლილი, სადაც არ არსებობს ერთმხრივი განსჯა, მკითხველი ცალ-ცალკე ხედავს თითოეულ პერსონაჟს და თვითონ წყვეტს სიმართლე ვისკენ გადაიწონის. ეს ამბავი არც სიმართლეა და არც გამოგონილი, სადღაც სიმართლესა და გამოგონილს შორის ძევს. რომანის პერსონაჟები ადამიანური სისუსტეებით სავსენი არიან, ხანდახან გაბოროტებულები, ხანდახან გულმოწყალეები და ზოგჯერ კიდევ, უმიზეზოდ ჩაფიქრებულები. ზუსტად ამიტომ  განსხვავებული ხასიათის პერსონაჟები ადვილად უმეგობრდებიან მკითხველს და იქნებ საკუთარ თავსაც მოაგონებენ?!




კატერინას ცხოვრება რთული გზა არის, მუდმივი კითხვების და გამოცანების, ისეთივე მოულოდნელობებით სავსე, როგორიც ანტიკური ოდისევსის. ბევრი რამ აქვთ საერთო ოდისევსსა და კატერინას, ორივე ებრძვის სამშობლოს სიყვარულს და ბოლომდე სჯერა მშობლიურ ითაკაზე დაბრუნების შესაძლებლობის. ეს არის რომანი, რომელშიც ქართული რეალობა იკითხება, ბევრი კატერინა ცხოვრობს დღეს ჩვენს გვერდით. რომანის მთავარი შეკითხვაც სწორედ ეს არის, მოახერხებს კი კატერინა გაუძლოს სირთულეებს და ერთ დღეს მაინც დაბრუნდეს უკან, სამშობლოში?




 

2855
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი