პირველი ტური (2019)
ბედისწერა
გვანცა იაკობიძე 485

ბიოგრაფია


მე, იაკობიძე გვანცა, ამჟამად ორმოცდათოთხმეტი წლის, დავიბადე საქართველოში, ზემო იმერეთის ულამაზეს ქალაქ ჭიათურაში. გვარიშვილობით არადიდებულ, მაგრამ ადამიანების სიყვარულით ცნობილ დიდებულ ოჯახში. ბაბუაჩემს, ლავრენტი იაკობიძეს სურდა კიდევ ერთი გვარის გამგრძელებელი ჰყოლოდა და გავჩნდი მე. სახელიც თვითონ ამირჩია და წიგნის კითხვის სიყვარულიც იმან მასწავლა. გვარის გაგრძელებაში ვერაფერი წვლილი შევიტანე, მაგრამ იაკობიძეების გვარის დაცვის სადარაჯოზე ვდგავარ დღემდე. ქ. ჭიათურაში დავდიოდი, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე საბავშვო ბაღში, რომელიც სანიმუშოდ დავხურე გამოსაშვები ზეიმით. ვიყავი ცელქი, მოუსვენარი, ნაწნავებიანი ბუთხუზა გოგო, რომელსაც სულ სტანჯავდა დილით თმების დავარცხნა. ყივანა ხველის გამო, სკოლის მოსამზადებელ კლასში არ მივლია, მაგრამ პირველ კლასში თვითნასწავლი წერა-კითხვის ცოდნით მივედი და იმ დღიდან ვუყვარდი მასწავლებლებს. დღემდე აღფრთოვანებული ვარ სკოლაში გატარებული დაუვიწყარი წლებით. არასოდეს მდომებია გაკვეთილების გაცდენა პირადი სურვილით. მეტიც, სახლში სულ არ მიმეჩქაროდა. დავამთავრე ქ.ჭიათურის მუსიკალური სკოლის შვიდწლედი არასანიმუშოდ, მაგრამ დირექტორისგან სიტყვიერი მადლობით, არცერთი გაკვეთილის გაცდენის გამო. ზუსტად ამ დროს გადავედი თბილისში, კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სასწავლებლად და მუსიკალური სკოლის დირექტორს გული დასწყდა, ადრე რომ მცოდნოდა, სანიმუშო ნიშნებს დაგიწერდიო. მაშინ, ცამეტი წლისამ, ვერაფრით დავაკავშირე, რა შუაში იყო ფიზიკისა და მათემატიკის სიყვარული სოლფეჯიოსთან და სიმღერასთან, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია. კომაროვში ერთი წელი ვისწავლე ავადმყოფობის გამო.(შემეყარა ჰეპატიტი და ორი თვე ინფექციურში ვიწექი). ჩემს საყვარელ ჭიათურას დავუბრუნდი გამოჯანმრთელებული და დავამთავრე ჭიათურის პირველი სკოლა, როგორც ფიზიკა-მათემატიკაში უბადლო ნიჭიერმა. პირველი ჩანახატი დავწერე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოსაშვებ გამოცდაზე. ავირჩიე თავისუფალი თემა, უცნობ ჯარისკაცზე, რომელმაც თავი შესწირა დიდ სამამულო ომს. წერას რომ მოვრჩი, მახსოვს გული ბოღმისგან ყელში მებჯინებოდა. სხვათა შორის უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. სხვა ჯერზე არაფერი დამიწერია.სკოლის დამთავრებისთანავე, წარმატებით ჩავაბარე უმაღლესის მისაღები გამოცდები და ხუთწლიანი სტიპენდიით და აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, რომელიც საშინლად არ უნდოდა დამემთავრებინა ჩემს დას, რომელსაც სიკვდილამდე მზითვებში გამაყოლა დედაჩემმა. ჰქონდა მცდელობა უნივერსიტეტში შემეტანა საბუთები, როგორც მათემატიკურად ნიჭიერ, პერსპექტიულ ახალგაზრდას, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. ახლა ვნანობ, საყვარელ დას რომ ვაწყენინე, მაგრამ პოლიტექნიკურში გავიცანი ჩემი ბედი ანუ მივედი ჩემი ფეხით. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დავქორწინდით და გადავედი საცხოვრებლად საგარეჯოში, რაზეც ცალკე ჩემი და სწუხდა, ცალკე საპროექტო ინსტიტუტის კადრების უფროსი, რომელმაც დანანებით და თავის ქნევით გამომიტანა ჩემი პირადი საქმე. საგარეჯო გახდა ჩემი მშობლიური ქალაქი. მიყვარან საგარეჯოელები და თითოეული მათგანისგან უდიდეს სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ, კი არა და საქმითაც დაამტკიცეს. ჯერ ორი წელიც არ არის, რაც ვწერ ასე ჩემთვის, შვილის ავადმყოფობის გამო, საფრანგეთში იძულებით გადმოხვეწილი. წელიწად და რვა თვეში დავწერე რვაასი ლექსი, სამი რომანი, ორ რომანზე დღემდე ვმუშაობ, ათამდე ჩანახატი. მაქვს ჩემი ფს პროფილი ,,გვანცას ლექსები", სადაც თითქმის ყოველდღე ვდებ ჩემი შემოქმედების ნაწილს, სულს და გულს (https://www.facebook.com/gvanca.iakobidze.3) . უსახსრობის გამო აქამდის ვერ გამოვეცი ჩემი ლექსები და რომანები. საქართველო რომ ძალიან მყვარებია და ჩემიანების გარეშე ცხოვრება რომ გაუსაძლისია, საფრანგეთში მივხვდი. ამჟამად ოთხი წელია, ჩემს შვილთან ერთად, ვცხოვრობ ქ. სტრასბურგში. აქაური ქართველი მეგობარის დამსახურებაა თქვენთან დაკავშირება და კონკურსში მონაწილეობის მიღების დიდი სურვილი. მადლობა მას ამისთვის.


 


თქვენი გვანცა იაკობიძე.


 


სინოპსისი


ჩემი რომანი ,,ბედისწერა" ეძღვნება ფრანგ ხალხს. მათთან ერთად გატარებულმა ოთხმა წელიწადმა, ნათლად დამანახა, რომ ფრანგები ძალიან ჰუმანურები არიან. ეს არის რომანი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ადამიანურ სისუსტეებზე და სიძლიერეზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და უმადურობაზე. რომანის მთავარი გმირები, მადლენი და მიშელი, ბედისწერამ ერთმანეთს ბავშვობიდან დააშორა, მაგრამ ოცი წლის შემდეგ, ისევ შეხვდებიან. მათ მიერ, ცალ-ცალკე განვლილი ეს წლები, ვფიქრობ დიდი გამოცდა და გამოწვევაა ცხოვრებისგან, რომელმაც უდიდესი ტკივილი და ტრავმა მიაყენა რომანის გმირებს. მათი სიყვარული, მეგობრობა, მოთმინება, სამართლიანობა და ღვთის რწმენა უკეთესი მომავლისთვის, გამოიღებს არაჩვეულებრივ შედეგს და დაფასდება შეუდარებელი ბედნიერებით. რომანის ყველა გმირს, თავისი შეხედულება აქვს სწორად ცხოვრებაზე, თუმცა ოცი წელიწადი საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის რომ, კარგად გააანალიზონ თავიანთი შეცდომები და მიზნები. რომანის ფინალში, ყველა გმირის ცხოვრების გზები იკვეთება და განვლილი ყოფის შესაბამისად, ღმერთი თვითონ ალაგებს მათ ბედისწერას. პირადად მე, უდიდესი სიამოვნება მივიღე რომანის წერის დროს. შევეცადე ჩემი შეხედულებები ამქვეყნიურ ყოფიერებაზე და პრიორიტეტებზე, აღნიშნული რომანით გადმომეცა. ჩემი უდიდესი სურვილია მისი თარგმნა ფრანგულ ენაზე, რათა გაეცნოს ფრანგი მკითხველი.


 


 


 


 


 


 


 


 


 

485
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი