პირველი ტური (2019)
აკუმი
ნანა აბულაძე 508
ბიოგრაფია

გახსოვთ, ალბათ, ჰერმან ჰესეს რომ უწერია ერთგან, ყოველი ადამიანის ცხოვრება საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა არისო. ჰოდა, მე უკვე ოცდამეოთხე წელი შემისრულდა, რაც მაგ გზას ვადგავარ და წარმოდგენაც არა მაქვს, როდის გავალ ბოლოში ან გავალ თუ არა საერთოდ. ამ ოცდაოთხი წლის განმავლობაში ხან ვინ ვყოფილვარ და ხან ვინ:


ოთხი წლისამ გადავწყვიტე, მევიოლინე გამოვსულიყავი. შვიდი წლისა შევედი კიდეც მუსიკაზე და სანამ თეთრმეტის გავხდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, გავყვებოდი ამ საქმეს. მაგრამ მერე სკოლა გამოვიცვალე, სხვა გარემოში ამოვყავი თავი და აღმოჩნდა, რომ, მუსიკის გარდა, კიდევ უამრავი რამ მაინტერესებდა და მიტაცებდა. ამიტომ როცა მეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი, არ ვიცი-მეთქი.


ორი წელი გავიდა, ცამეტის შევსრულდი და ყველაფერი ისევ ამოყირავდა - წერა დავიწყე. წერით მანამდე არ ვწერდი, მხოლოდ აღვწერდი იმას, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, დეტალურად აღვნუსხავდი დღიურში და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე რამის შეთხზვას დავიწყებდი (კი, მაშინაც იყო წვრილ-წვრილი ლექსები და პაწია ჩანახატები, მაგრამ ეგ არ ითვლება). პირველი მოთხრობა ნამდვილ ამბავზე დავწერე. წერის გაგრძელება ფიქრადაც არ მქონდა, თავისთავად მოხდა. სერიოზულად ამაზე ორი წლის შემდეგღა დავფიქრდი, როცა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი, როგორც ერთ-ერთი საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. მოკლედ, წერა გავაგრძელე და ბოლო ერთი-ორი წელი იქნება, რაც მივხვდი, რომ რაც არ უნდა ვქნა, ამის იქით გზა მაინც არა მაქვს.


ძალიან კი ვცდილობდი, ეს ასე არ ყოფილიყო, ვცდილობდი, წერა გატაცებად დამეტოვებინა. პროფესიაც ისეთი ავირჩიე, ლიტერატურისაგან მაქსიმალურად დაშორებული - მე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ჩემი დამატებითი სპეციალობა კი ეკონომიკა გახლდათ. ახლა პროფესიულადაც ლიტერატურაში ვგეგმავ გადანაცვლებას. არ ვიცი, რა გამოვა აქედან, მაგრამ ამწამს მგონია, რომ ჩემს თავს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.


ჰო, ბევრი რამ გამოქვეყნებული არა მაქვს, მაგრამ რაც არის, დაგიტოვებთ, ეგებ დაგაინტერესოთ:


2018 – ბლოგპოსტები სხვადასხვა თემაზე შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკის “Write in Armenia” ფარგლებში, იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://writeinarmenia.org/author/nana-abuladze/ ;


2017 -“სხვათა შორის“, კამარა - ახალგაზრდული ესეები (ქართველი და აფხაზი სტუდენტების ესეების კრებული), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, გვ. 44-53.


2016 -“ცულს რომ ტარად ხე არ ჰქონდეს” (მოთხრობა), ლიტერატურული კონკურსი „წერო“ 2016 , გვ. 5-15. ელექტრონული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.lit.ge/book/209826-literaturuli-konkursi-tsero-2016-krebuli/;


2016 - „უჯრაში გამოკეტილი მოთხრობები“ (მოთხრობებისა და ესეების კრებული), საბას წიგნები, იხილეთ შემდეგ ბმულზე:


https://saba.com.ge/books/details/6330/%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98


2015 - “კათარზისი“ (კონკურსის „მოკლედ ითქმის“ გამარჯვებული ნოველა) ლიტერატურული პალიტრა, No.1, 2015, გვ. 54;


2011 - „მაცნე“ (მოთხრობა). ლიტერატურული პალიტრა, No.9, 2011, გვ. 84-89.

სინოპსისი


ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი მკვდრადშობილი ჩვილების სხეულებს იკვლევენ. მათ სურთ, უცნაური ანომალიის მიზეზი დაადგინონ - მათკ კვლევის ობიექტებს არც სასქესო ორგანოები აქვთ და არც იმ პირველადი ქსოვილის ნაშთები გააჩნიათ, რომლებისგანაც სასქესო ორგანოები ყალიბდება. კვლევის გასაგრძელებლად მეცნიერებს მოულოდნელად უხდებათ საქართველოში ჩამოსვლა, შეიტყობენ რა, რომ თბილისში დაიბადა ჩვილი სწორედ ამ ანომალიით, რომ ის ცოცხალია და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯანმრთელიც.


სწორედ ესაა ამ რომანის ძირითადი ღერძი, რომლის გარშემოც რვა მთავარი პერსონაჟის თავგადასავლები იკვრება. თავად პერსონაჟებს კი, რომლებიც ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, რაღაც მაინც აერთიანებთ - მოუხელთებელი სურვილები და მათი დაკმაყოფილების გაუთავებელი მცდელობა.


 

508
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი