პირველი ტური (2019)
მოთამაშე
თეონა მესხი 81
ბიოგრაფია

მე თეონა მესხი ვარ. ცოტა ხნის წინ 30 წლის გავხდი და გავაცნობიერე, რომ ჩემი მიზნებისა და სურვილებისგან ძალიან შორს ვარ. ჰოდა, მივხვდი, რომ, თუ არ მინდა, რამდენიმე წელიწადში ბოღმით გაბერილ ზღარბად ვიქცე, დროა ცოტა აქტიურად დავიწყო იმის კეთება, რაც მიყვარს.


ზუსტად არ მახსოვს როდის და რატომ, მაგრამ ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მწერალი უნდა ვყოფილიყავი და, თანდათან, ჩუმჩუმად, ეს ჩემი სოკოსავით ეგო, იმხელა გახდა, რომ ზურგზე შემომასკუპდა და მშვიდად ცხოვრებას არ მაცლის. ამ დროს კი დიდი არაფერი მაქვს დაწერილი - ჟურნალ დილაში გამოქვეყნებული ორი მოთხრობა; წლების წინ დაწერილი 300 გვერდიანი წიგნი, რომელიც იმდენად მოსაწყენი გამოდგა, რომ დედაჩემსაც კი დაეზარა ბოლომდე წაკითხვა; და ერთადერთი აბსურდული მოთხრობა, რომელიც იმდენად შემიყვარდა, რომ არ გადავაგდე.


აი, ასე მოვხვდი აქ! მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე ვამჩნევ დამწყების ხელს, ვერ ვიტყვი რომ არ მეწყინება, თუ ჩემი რომანი არავისთვის იქნება საინტერესო. მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც ვნახე, ისეთი ინტერესით რომ დაელოდება გაგრძელებას, როგორც მე „ნისლქმნილის“ თარგმანს ველოდები ხოლმე, სასტიკად ბედნიერი ვიქნები.

სინოპსისი


დიდი ომის შემდეგ გაღარიბებული სახელმწიფოები, რესურსების დასაზოგად, ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ. ყოველ 15 წელიწადში, ოთხ-ოთხი სახელმწიფო წარმოადგენს თავის მოთამაშეს, რომლის ხელშიც მთელი სახელმწიფოს ბედია. არენაზე გაშლილ ჭადრაკის დაფაზე სახელმწიფოთა მმართველები და მნიშვნელოვანი პირები იკავებენ ფიგურების ადგილს და მოთამაშის ნებას ემორჩილებიან. მეფის - მთავარი მმართველის განადგურების შემთხვევაში, სახელმწიფო ნადგურდება. მოსახლეობა იძულებულია უდაბნოში გაიხიზნოს ან ყველაზე დაბალი რგოლის მუშად იქცეს სხვა, გამარჯვებულ სახელმწიფოში.


მოთამაშე ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ახალ მოთამაშეებს მუდმივად ეძებენ და მძიმე პირობებში წვრთნიან, რათა მაქსიმალურად განავითარონ. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. თუმცა, მოწინააღმდეგის მოთამაშეების მოკვლა, გადმობირება, დაშანტაჟება და ა.შ. მაინც ხშირია. ამიტომ, ტურნირზე ყველა სახელმწიფო რამდენიმე მოთამაშეს გზავნის - მთავარს და ჩამნაცვლებლებს.


წიგნის ორი მთავარი პერსონაჟი - ვილეა და იენიკი ყოფილი მოთამაშეები არიან. ვიელამ თავისი ნებით დატოვა მოთამაშეების რიგები - თავის ორ მეგობართან ერთად გაიქცა და ნახევარი ცხოვრება მალვაში გაატარა. იენიკი კი მთავარმა მწვრთნელმა გააგდო (უფრო სწორად, ეგონა, რომ მოკლა). ეს უარყოფა იენიკის მიზნების და სურვილების განმსაზღვრელი ხდება. ის ცდილობს დაბრუნდეს, რათა დაფაზე შეხვდეს ყოფილ მწვრთნელს და შური იძიოს.


ვილეა იგებს, რომ მისი მეგობრები, ვისთან ერთადაც თავის დროზე გაიქცა - მოკლეს. და ახლა მის მოსაკლავად მოდიან. ვილეა ცდილობს გაარკვიოს რა არის ამის მიზეზი და თანდათან იძულებული ხდება გადაწყვეტილება მიიღოს - დაბრუნდეს როგორც მოთამაშე, თუ უარი თქვას. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მას ჰულუს (მთავარი ღვთაება) ლეგიონერი ეხმარება - არსება, რომელიც ყველასთვის სიკვდილთან და განადგურებასთან ასოცირდება.


მაგრამ მათი გეგმები ირევა და ორი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს არენაზე ხვდება. ისინი ერთმანეთს იცნობებ, იციან რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივესთვის ეს თამაში, მაგრამ იძულებულები არიან წესებს მიყვნენ - მათ შორის ერთმა უნდა გაიმარჯვოს, მეორე კი - დამარცხდეს. ყველაფერთან ერთად, ვილეას დაფაზე მის მეგობარს, ჰულუს ლეგიონერს უწევს დადგომა და მისი სიცოცხლე ვილეას ხელში ექცევა.


ამ აჟიოტაჟში კი ვეღარავინ ამჩნევს დაჭაობებულ მიწებს, რომლებიც თანდათან ცდება თავის საზღვარს და ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე.

81
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი