პირველი ტური (2019)
უხილავი ჰორიზონტი
თამარ სიხარულიძე 143
ბიოგრაფია

მე ვარ თამარ სიხარულიძე, დავიბადე გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ბიზნესი სულაც არ იყო ჩემი მოწოდება, არ იყო ის საქმე, რასაც თავს მივუძღვნიდი და რომლისგანაც სიამოვნებას მივიღებდი მომავალ წლებში და თუგინდ აწმყოშიც. ამიტომაც  შევიცვალე დარგი და ამჟამად ვსწავლობ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, (მეორე კურსი) კერძოდ, ლიტერატურათმცოდნეობაზე.


წერა ოდითგან ჩემი სტიქია გახლდათ, განსაკუთრებით პოეზია მიზიდავდა, მართალია, ჩემი ლექსები ბავშვური უმეცრებით იყო გაჯერებული, თუმცაღა ჩემი იმჟამინდელი პიროვნებისთვის ესეც საკმარისი გახლდათ თვითგამოსახატავად, მოგვიანებით, პროზაული ნაწარმოებების წერაც დავიწყე, ეს კი ცალკე ისტორიაა,  მაშინ, როცა ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი მეგობარმა (ასევე მწერალმა) შემომთავაზა, მოთხრობა დავწეროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ და შევაფასოთო, მეც მომეწონა მისი იდეა, მას შემდეგ მეტად განმიმტკიცდა შემოქმედებისადმი ლტოლვა და  სწორედ ამ სურვილმა აქცია ჩემი ცხოვრების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად წერა.


ამაქვეყნიურ წარმატებას ჩემს კარზე ჯერ არ მოუკაკუნებია, აქამდე არ მქონია შანსი მეთანამშრომლა რედაქციებთან, ასე რომ, ეს არის ჩემი პირველი მცდელობა ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი ნაწარმოები.


სასიამოვნოა გრძნობებისა და ხედვის ფურცელზე (ვორდის ფაილში) გადმოტანის პროცესი, ასევე საინტერესო და ამაღელვებელი შეგრძნებაა შემოქმედის როლში ყოფნა, შექმნა ადამიანებისა მთელი თავიანთი სულიერი და გონებრივი სისუსტეებითა თუ სიძლიერით,  ეს არის  შენი მინი სამყარო, რომლის ღმერთიც ხარ, შენ ფლობ ამ  სამყაროს, რომლის მაცხოვრებელთა ბედის შეცვლა და ცხოვრების გადატრიალება ერთი კალმის მოქნევით შეგიძლია,  სადაც ამ პერსონაჟთა გარშემო მოძრავი სამყაროს კონტროლის უშრეტი შესაძლებლობა გაქვს. ეს ჩემი სახელმწიფოა; სახელმწიფო, რომლის აბსოლუტური მონარქიც გახლავართ.

სინოპსისი


“უხილავი ჰორიზონტი” -  ეს არის მოდერნისტული ჟანრის რომანი, რომელშიც უპასუხო კითხვები ადამიანს  თავგზას უბნევს; ცხოვრება რთულდება, როცა გადაწყვეტ, იყო მაძიებელი და იპოვო სიცოცხლის  არსი.
რომანს ორი პროტაგონისტი გმირი ჰყავს, ერთი ეს არის ევა, რომელიც გახლავთ მთხრობელი ამბისა, ხოლო -  მეორე, ენრიკე, სრულიად უცნობი, უცნაური ადამიანი, რომელიც ევას უახლოესი ადამიანი ხდება.


ადამიანი ვერ მშვიდდება, ადამიანი ვერ პოულობს სულის დაოკების წყაროს და სწორედ ამიტომ ეძებს, ეძებს სამარადისოდ რაღაც ურო მეტს, უფრო ღირებულს, ეძიებს ცხოვრების აზრს.
ევას, ძიებისა და გაცნობიერების წყურვილი,  თითქოსდა მემკვირეობით გადმოჰყვა კეთილის და ბოროტის შეცნობის ხიდან.
რომანში ასევე გადმოცემულია, თანამედროვე ადამიანის ტკივილი, გაურკვეველი გზა, კითხვის ნიშნიანი მომავალი, აწმყოს ,,მესთან" ბრძოლა.
ევას და ენრიკეს სწორედ ცხოვრების ტრაგიზმი აქცევს იმად, როგორებიც ხდებიან. ეს ხომ ბრძოლაა სინდისთან და შორეულ მორალთან, ღმერთთან და დემონთან ერთდროულად.
ისინი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ გაამართლონ ცხოვრება, თავად შექმნან თავიანთი კანონები, შეეწინააღმდეგონ არსებულს და მოითხოვონ უფრო მეტი, სურდეთ უფრო მეტი.
სწორედ ეს არის ცხოვრება; აღმართი, შემდგომ დაღმართი, ზოგჯერ ხოხვა და საკუთარი თავის გაგების, შეცნობის უუნარობის განცდა, ზოგჯერ კი გამონათება.
ეს ის წიგნია, სადაც მიუხედავად გმირების დანაშაულისა, თანაუგრძნობ, სწვდები მათი სულის, მათი ტანჯვის სიღრმეებს და უგებ ახლობლურად, მეგობრულად.
და კვლავ, ნაწარმოებში  ჩანაწერივით უსასრულოდ მეორდება კითხვები: მართლაც,   რა არის  ცხოვრების აზრი? ღმერთი? სიყვარული? ნუთუ მოკვდავი სიყვარული? ისეთი სუსტი და თან ამავდროულად უაზროდ ძლიერი?
მართლაც, რა არის ადამიანი და რა უნდა მას?
ადამიანს სურს გაიხედოს ჰორიზონტს მიღმა. მაგრამ რა რთულია დაადგე გზას, რომელსაც ვერ ხედავ, მხოლოდ ალღოთი შეიგრძნობ ნისლში გახვეულ ვიწრო ბილიკს. სწორედ რომ დიდი შეუპოვრობა, მუდმივი მზადყოფნა წარუმატებლობისა და იობისეული მოთმინებაა საჭირო, რომ გზას დაადგე. შეძლებს კი ევა მიაღწიოს თავის საწადელს?
სწორედ ასეთია უხილავი ჰორიზონტი, შეუპოვრობის საზომი.
სწორედ ასეთია მთავარი გმირების გამოწვევა.


 


 

143
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი