პირველი ტური (2019)
პერფექციონისტის ჩანაწერები
ფიქრია ყუშიტაშვილი 2277
ბიოგრაფია

დავიბადე 1967 წლის 9 აპრილს და იმ წელს , იმდენი საინტერესო რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც, აქ რომ გიამბოთ, პალიტრა L-ის საკონკურსო ფორმატი ნამდვილად არ ეყოფა ამ ამბებს, რაც შეეხება დაბადების თარიღს , 9 აპრილი  იყო ერთ დროს ჩვეულებრივი დღე  და ასე გრძელდებოდა 1989 წლამდე ყველასათვის კარგად ნაცნობი ისტორიული მოვლენის დაბადებამდე, რომლის პათოსი დროთა ვითარებაში არაერთხელ შეიცვალა გლოვის დღიდან დაწყებული, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღიარების ფაქტით დამთავრებული, თუმცა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი 9 აპრილი ხელახლა დაიბადა კალენდარზე მაშინ , როცა 1996 წლის 9 აპრილს ჩემი ვაჟიშვილი ერეკლე იანტბელიძე მოევლინა ქვეყნიერებას და რადიკალურად შემცვალა...  თბილისში, ფალიაშვილის  ქუჩაზე დაბადებული და გაზრდილი , (წარმოშობით მამით იყალთოდან ვარ) , ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი თელავს და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მრავალის წლის შემდეგ   სამუდამოდ დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას დიდი მეფის -პატარა კახის  შესანიშნავ სატახტო  ქალაქს...

წერას ბავშვობიდან ვიყავი ატანილი, თუმცა ნამდვილად არ მახსოვს არც პირველი ლექსი
და არც მოთხრობა-ან როდის დავწერე , ან რა ხნის ვიყავი, ან რა თემაზე იყო შეთხზულ- მოფიქრებული ...სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, რომ მოგვიანებით, როცა სათეატრო ინსტიტუტში ჩავაბარე თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე , პირველი კურსიდანვე კალამის წრიპინი რომ დავიწყე,  იმ დროიდან მოყოლებული ამ საქმისთვის აღარ მიღალატია და შედეგად მივიღე 500-ზე მეტი გამოქვეყნებული სტატია და პუბლიკაცია სხვადასხვა წლების განსხვავებულ ჟურნალებსა თუ გაზეთებში,( გაზეთები : „ლიტერატურული საქართველო“, „ნერგი“, „თბილისი“, „ახალგაზრდა ივერიელი “, „ივერია- ექსპრესი“, „ მოქალაქე“, „ 7 დღე“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ფიქრები“, „ქართული მწერლობა“ , „მშობლიური კერა“ , „თეატრი და კინო“ და სხვ, ჟურნალები : „თეატრი და ცხოვრება“, „დროშა“, „ხელოვნება“, „ომეგა“, „თეატრი“  და სხვ.) ,  ერთი  პოეტური ( „პარალელური განზომილება“ 2010 წელი , გამ-ბა „პარნასი“)  და  ორი პროზაული  კრებული ( „ერთხელ აქ, ამრიკაში“ 2000  წელი, გამ-ბა „სამშობლო“, „ქათმის გრიპი“ , გამ-ბა „დიოგენე“ , 2005 წელი ,  , ერთი კვლევითი გამოცემა „დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში“( 2011 წელი, გამ-ბა „დობერა“) , ერთიც გალექსილი ბავშვთა უფლებების კონვენცია ( 2007 წელი)  და ბიოგრაფიული წიგნი მეუღლის შესახებ  „მესამე ცოლის ჩანაწერები“ გამ-ბა „მწიგნობარი“ ,2019 წელი ).  ამასთანავე ვარ სამი ინსცენირებისა  და ოთხი სპექტაკლის ავტორი, რომლებიც წარმატებით დაიდგა თელავის სახელმწიფო თეატრში 1996 – 2004 წწ-ში).

ამჟამად საჯარო მოხელედ ვმუშაობ და რაკი  ვერადროს ვიცლი წერისათვის, როცა ამის სურვილი მაქვს , თავს იმით ვინუგეშებ, რომ  არაერთი ცნობილი ჩვენებური თუ უცხოელი კალმოსანიც ოდესღაც საჯარო მოხელე  ყოფილა ... თუმცა, საბოლოო ჯამში,  ეს ჩემთვის დიდი ვერაფერი შეღავათი  და ნუგეშია...

ამჟამად ვცხოვრობ თელავში, 26 მაისი ქ # 8-ში, მყავს  დიდი და ხმაურიანი სტუმართმოყვარე ოჯახი, და მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად და სისტემატურად ვმონაწილეობ ლიტ. კონკურსებში და როგორც ყველას, ხან მიმართლებს და ხან არა...

სინოპსისი

„პერფექციონისტის ჩანაწერები“ , ეს არის თანამედროვე ურბანული რომანი  ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს რომ მისი ცხოვრება წინასწარ დაწერილ სცენარს მიუყვება, ხოლო ვინ არის სცენარისტ-დრამატურგი, ეს კითხვა მხოლოდ ტექსტის საფინალო აკორდებში მჟღავნდება და პერსონაჟი აკეთებს მისთვის კონცეპტუალურ აღმოჩენას, რომელიც ყველა იმ კითხვას სცემს პასუხს, რომელიც ნაწარმოების განმავლობაში აწუხებდა გმირს.   იცვლება დამოკიდებულება და აზრი  ირგვლივმყოფ სამყაროზე და მიმდინარეობს ფასეულობათა გადაფასება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის მიერ ლიტერატურული კონკურსისათვის შეთხზული ამბავი დაწერიდან რამდენიმე ხანში ერთი-ერთში აცხადდება  მისსავე ცხოვრებაში ,როგორც მისი უდიდებულესობა წამოცდენა, რაც ასე სჩვევია ლიტერატურასა და ხელოვნებას ...

რატომ „პერფექციონისტის ჩანაწერები“ ? - ალბათ იმიტომ , რომ ჩვენს საზოგადოებაში დაიკარგა ადამიანური ბუნების ეს ფუნდამენტური თვისება  და ადამიანები გახდნენ ზედაპირულები,  გახუნდა პალიტრის ფერები და აორთქლდნენ კონტურის ხაზებიც და საზოგადოება ერთ ბლანტ მასას დაემსგავსა, სადაც ინდივიდუალობის შესანარჩუნებლად მხოლოდ პერფექციონიზმი თუ ათავისუფლებს პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების, ურთიერთობების მრავალი ძაფით დეტერმინირებულ არსებას. გზა თავისუფლებისკენ სწორედ პერფექციონიზმზე გადის -ასეთია მთავარი გმირის აღმოჩენა , მაგრამ მანამდე წინ ბევრი განსაცდელია, რომელზეც რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა ცხოვრების ლაბირინთის ყველა მოსახვევი გაიარო თუნდაც რისკის ფასად ...

2277
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი