პირველი ტური (2019)
რეციდივი
ვლადიმერ ნადირაძე 737
ბიოგრაფია

არ დაგიმალავთ, მეტად გამახალისა თქვენმა მოთხოვნამ - საინტერესოდ მომეთხრო მოკლე ბიოგრაფია. რასაკვირველია, თვით მოთხოვნაში სახალისო არაფერია, უბრალოდ, ვერ წამოვიდგინე, როგორ უნდა გადმომეცა მოკლედ და, რაც მთავარია, საინტერესოდ ჩემი ცხოვრების მოსაწყენი არაფრით გამორჩეული საკვანძო ეპიზოდები, თუმცა, მცდელობას არ დავაკლებ.

მაშ, ასე -

დავიბადე 1956 წლის 7 იანვარს. ის, რომ შობას მოვევლინე ამ ცოდვილ ქვეყანას, ალბათ ყველაზე ღირსშესანიშნავი ფაქტია ჩემს ბიოგრაფიაში. 1973 წელს დავამთავრე ქუთაისის მე-9 საშუალო რუსული სკოლა. ეს სწორედ ის სკოლაა, რომელიც რეზო გაბრიაძემ და ელდარ შენგელაიამ უკვდავყვეს თავიანთ გენიალურ ფილმში „არაფვეულებრივი გამოფენა" (ვფიქრობ, არც ეს უნდა იყოს ინტერესს მოკლებული ფაქტი). იმავე წელს გავემგზავრე სასწავლებლად დიდ რუსეთში, ანუ, როგორც ცხონებული ბიძაჩემი იტყოდა - ბევრ რუსეთში. 1982 წელს წარმატებით (თუ არ ვაზვიადებ) დავამთავრე ვორონეჟის ტექნოლოგიუორი ინსტიტუტი და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ინჟინერ-ტექნოლოგის დიპლომით და მომავლის იმედით დავუბრუნდი მშობლიურ მიწა-წყალს.

1984 წელს დავიწყე მუშაობა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში, ჯერ რიგიც ინჟინრად, შემდგომ კი - წამყვან სპციალისტად. მაგრამ დიდხანს ტკბობა ამ საუცხოო ჟღერადობის თანამდებობით არ დამცალდა, რადგან 90-ში, როდესაც ყველაფერი ატორტმანდა, აირია და ჩამოიქცა, იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი. იქიდან მოყოლებული, დღემდე ამაყად ვატარებ უმუშევრის საპატიო სტატუსს (თუ, რა თქმა უნდა, მუშაობაში არ ჩამეთვლება საკუთარ სახლში ნახევარ განაკვეთზე დიასახლისად საქმიანობა) და თავს ვირჩენ ინგლისური ენის რეპეტიტორობით. 1988 წელს დავქორწინდი. მყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

სულ ესაა და ეს.

P.S. ალბათ გაინტერესებთ, რამ გადააწყვეტინა რომანის დაწერა 63 წლის კაცს, რომელსაც სკოლაში უფერული თემების გარდა (ისიც რუსულად), არასოდეს არაფერი დაუწერია (გამოქვეყნებაზე ხომ საუბარი ზედმეტია!). შემიძლია, რამდენიმე მიზეზი დაგისახელოთ, თუმცა, სულო ცოდვილო, რატომღაც მეჩვენება, რომ საქმე ბანალურ პატივმოყვარეობასთან გვაქვს, რაც, ჩემგან არ გესწავლებათ, ზომიერების ფარგლებში, არც თუ ისე ხელწამოსაკრავი თვისებაა.

სინოპსისი

რომანში „რეციდივი" მოქმედება ნიუ-იორკში ხდება. მთავარი გმირი ლუკა დოლაფერიძე ადრეული ასაკიდან ხვდება, რომ ფულის „კეთება" მისი ძლიერი მხარე არ არის, ამიტომ მთელი ცხოვრება მუშაობს საკუთარი თავის სრულყოფაზე, იმ იმედით, რომ მისი უფულობა მკვეთრად თვალში საცემი არ იქნება. გფბ-ს (გამოიძიების ფედერალური ბიუროს) მშვენიერ სპეცაგენტ ჯეინ ლამბერტთან სასიყვარულო ურთიერთობისას, ეს, თითქმის გამოდის კიდეც. მაგრამ, როდესაც ქალის ცხოვრებაში დიდი ფულის მქონე მამაკაცი ჩნდება, ვითარება კარდინალურად იცვლება და ლუკა სრულ ფიასკოს განიცდის.

მიუხედავად დიდი ტკივილისა, ლუკა საკუთარ თავში პოულობს ძალას ამ სულიერი ტრამვის გასამკლავებლად. მალე მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება - ის საოლქო პროკურორის თანაშემწე ქეით როუზის მძღოლად და პირად მცველად იწყებს მუშაობას, ახალგაზრდა, ჭკვიანი ქალი ისეა მოხიბლული ლუკას არაორდინალური პიროვნული თვისებებით, მისი ერთგული მეგობარი და საიმედო მფარველი ხდება. ქეითი არაერთხელ იხსნის ლუკას ხიფასისაგან, ბოლოს კი მიზნად ისახავს, მას დაეხმაროს საყვარელი ქალის დაბრუნებაში.


 


 


ვუძღვნი ჩემი ცხოვრების ყველაზე საიმედო მეგობარს, მარიამს, ჩემს შვილებს - გიორგის და სანდროს, და ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ჩაწვდა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - დიდი წარმატება სრული თვითრეალიზაციის თვინიერ არ არსებობს, მაგრამ თუ ბრძოლა სრულყოფილებისათვის არ გახდება ცხოვრების ყოველდღიური წესი, საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სარეალიზაციო, არც არაფერი ყოფილა.


 

737
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი