image
სულხან-საბა ორბელიანი
წლები: 1658 - 1725
აღწერა:
ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686–1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფაბულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს. მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. ჰუმანიზმი, მეგობრობის მაღალი ოდეალები, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას. „სიბრძნე სიცრუისა“ აღადგენს ქართული პროზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია რუსულ (1878), ფრანგულ (1888), ინგლისურ (1895), გერმანულ (1933) და სხვა ენებზე. ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.
Email
ავტორის წიგნები