image
ჯონ გოლზუორთი
წლები: 14 აგვისტო 1867 - 31 იანვარი 1933
აღწერა:
ინგლისელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1932). ცნობილი ლონდონელი ვექილის შვილი ჯონ გოლზუორთი დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა საშუალო კლასის წარმომადგენელთა შვილებისათვის განკუთვნილი პრივილეგირებული სასწავლებელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მშობლების და პირადად მისი სურვილი იყო საფუძვლიანად შეესწავლა საზღვაო სამართალი, რის გამოც ორი თუ სამი წელი სავაჭრო გემზე მოგზაურობაში გაატარა. ასე შემოიარა ევროპა, სამხრეთი არქიპელაგი, ავსტრალია, აშშ და რუსეთი. ბეჭდვა 1897 წლიდან დაიწყო. გოლზუორთიმ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა თავისი კალმის ძალა. ნოველებსა და პიესებში მწერალმა მრავალი დასამახსოვრებელი სახე გამოკვეთა. იგი, როგორც ჭეშმარიტ რეალისტს შეჰფეროდა, თვალს არ არიდებდა არც სოციალურ ყოფით ამბებს. სწორედ ამ სოც-ფსიქოლოგიურ თემათა სიუხვემ განაპირობა მისი, როგორც მწერლისა და დრამატურგის წარმატება. ჯონ გოლზუორთი იმ რჩეულ, მცირერიცხვოვან მწერალთა ჯგუფს ეკუთვნის, რომლის კალამმა მომავალ თაობებს და ისტორიის ანალებს სამუდამოდ შემოუნახა გარდასულ დროში მცხოვრებ ადამიანთა ფერუცვლელი, ამაღლებული სიყვარულის განცდის წადილი, მისკენ ლტოლვა. მწერალმა დაურიდებლად აღწერა აგრეთვე ადამიანთა სულმდაბალი, ანგარებიანი, ეგოისტური მიდრეკილებანი. გოლზუორთიმ უკვდავი ფუნჯით დაგვისურათხატა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის გარიჟრაჟზე ბრიტანეთის კუნძულების საშუალო კლასის და მისი ზედაფენის წარმონადგენელთა პიროვნული ცხოვრების ამბები და საზოგადოებრივი ურთიერთობანი. და როგორც პირადად თვითონ უყვარდა თქმა: ქაღალდზე შემოუნახა ისტორიას ადამიანები, მათი ურთიერთობანი და განცდები ისე, როგორც ჰერმეტულად დახურულ ქილებში პამიდორს ინახავენ საკუთარ წვენში... ჩვენი ეპოქით დაინტერესებულ მითხველს შეუძლია მათი იქიდან ამოღება, ხილვა, ფერის, გემოსა და სურნელის შეგრძნება”.


Email
ავტორის წიგნები