image
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
წლები: 28 აგვისტო 1749 - 22 მარტი 1832
აღწერა:
გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკულ ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფერობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა განპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულებელმყოფელი რიტმიკა. 1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, "რეზინიაცია" ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში "ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1786 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. "ქარიშხლისა და შეტევის" იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს. 




Email
ავტორის წიგნები