image
ხორხე ლუის ბორხესი
ფრანცისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედო
წლები: 24 აგვისტო 1899 - 14 ივნისი 1986
აღწერა:
მამა, ხორხე გილიელმო ბორხესი, ადვოკატი და ფსიქოლოგიის პროფესორი, ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მაგრამ შვილისგან განსხვავებით, წარმატებას ვერ მიაღწია. დედა, ლეონორ ასევედო სუარესი ინგლისურიდან მთარგმნელად მუშაობდა. ბორხესების ოჯახი ორენოვანი იყო, ამიტომ მომავალი მწერალი ბავშვობიდან ერთ დონეზე ფლობდა ინგლისურ და ესპანურ ენას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბორხესი ჟენევაში სწავლობს, გარკვეულ დროს ატარებს იტალიასა და ესპანეთში. ამ პერიოდისთვის ხორხე ლუის ბორხესი ესპანეთში ულტრაისტული ავანგარდული მიმდინარეობის წევრია. ჟურნალში Grecia ქვეყნდება უოლტ უიტმანის სტილში დაწერილი მისი პირველი ლექსი, ჰიმნი ზღვას.

1921 წელს იგი ბუენოს-აირესში ბრუნდება და მრავალმხრივ კულტურულ მოღვაწეობას იწყებს: აარსებს ჟურნალს, თარგმნის კაფკასა და ფოლკნერს, აქვეყნებს ლექსებსა და ესეებს. 1930-იანი წლების ბოლოს იგი იწყებს მოთხრობებისა და ნოველების წერას და აქვეყნებს „გაიძვერობის უნივერსალურ ისტორიას“, რომელიც სახელს გაუთქვამს როგორც პროზაიკოსს. ამ პერიოდში იგი თავზე ტრავმას იღებს, რაც მის ნაწილობრივ დაბრმავებას იწვევს, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც განაგრძობს მუშაობას. ამაში მას ჯერ დედა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თანაშემწე და მოგვიანებით მეუღლე, მარია კოდამა ეხმარება. ამ პერიოდისთვის ბორხესი ძირითადად ცნობილია თავისი ნოველებით, თუმცა ამავე დროს წერს ლექსებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. იგი თანაავტორია ასევე პაროდიული დეტექტივებისა, რომლებიც ბუსტოს დომეკის ფსევდონიმით გამოდის, და ასტორ პიაცოლას მუსიკაზე შექმნილი სიმღერების. 1955 წელს ბორხესს ნიშნავენ ბუენოს-აირესის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. ამავე წელს ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლებას იწყებს.

საერთაშორისო კრიტიკა ბორხესის შემოქმედებით მხოლოდ 1960-იანი წლებში ინტერესდება. 1961 წელს იგი სამუელ ბეკეტთან ერთად იღებს ფორმენტორის პრემიას. 1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგნება ინგლისურად, რასაც ავტორისთვის დიდი პოპულარობა მოაქვს. 1967 წელს ბორხესი ცოლად ირთავს დიდი ხნის მეგობარს, ელზა ასტეტ მილანს, რომელთან ქორწინებაც 3 წელი გრძელდება. 1973 წელს ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბორხესი ტოვებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას. 1979 წელს მწერალს აჯილდოებენ სერვანტესის პრემიით, 1983 წელს კი საპატიო ლეგიონის ორდენს იღებს.

ცხოვრების ბოლო წლებს ბორხესი თავის თანაშემწესთან, მარია კოდამასთან ატარებს. 1984 წელს ისინი აქვეყნებენ ნაწყვეტებს თავიანთი დღიურიდან, სახელწოდებით ატალა, სადაც ბორხესის ტექსტები და კოდომას ფოტოებია. ისინი 1986 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ქორწინდებიან. ბორხესი გარდაიცვლება კიბოთი, ჟენევაში, 1986 წელს. მას მეფეთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
Email
ავტორის წიგნები