15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ავტორი

მიგელ დე სერვანტესი

წლები : 29 სექტემბერი 1547 -23 აპრილი 1616
აღწერა :
მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში. მიგელის გარდა მის მშობლებს ჰყავდათ კიდევ ორი ქალიშვილი - ანდრეა და ლუიზა, და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალდთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაჯღაბნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება თავის მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, სადაც გაატარა მიგელმა სტუდენტობის წლები.

1560-1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. უფროსი ვაჟი როდრიგო უკვე ფლანდრიაში ანუ მეფის ჯარში მსახურობდა. 1568 წელს სერვანტესი გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლეა. ოიოსი სალამანკის უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.

1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ გიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა. 1571 წელს კი შეუერთდა ნეაპოლში სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში სერვანტესი მძიმედ დაიჭრა და დაიზიანა მარცხენა ხელი. გამოჯანმრთელების შემდეგ ახალგაზრდა მწერალი 4 წლის განმავლობაში მსახურობდა ესპანურ ჯარში; მონაწილეობდა კორფუსა და ნავარინოს ექსპედიციებში.

1575 წ. 7 სექტემბერს სამშობლოში მიმავალი სერვანტესი ალჟირელმა მეკობრეებმა შეიპყრეს და 5 წლის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ოჯახმა დიდი გაჭირვებით შეძლო გამოსასყიდის შეგროვება და 1580 წ. სერვანტესი წმ. სამების ორდენის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა.