image
ონორე დე ბალზაკი
წლები: 20 მაისი 1799 - 18 აგვისტო 1850
აღწერა:
ონორე დე ბალზაკი (ფრანგ. Honoré de Balzac; დ. 20 მაისი, 1799, ტური — გ. 18 აგვისტო, 1850, პარიზი) — ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელია ონორე ბალზაკი, ნაწილაკს „დე“, რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებდა. მისი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს პატარა მოთხრობებისა და ნოველებისგან შექმნილი წიგნების კრებული, რომელსაც ავტორმა „ადამიანური კომედია“ უწოდა. კრებულში შესულ თითოეულ წიგნს აერთიანებს მსგავსი თემატიკა და პერსონაჟები, თუმცა ყველა წიგნს საკუთარი სახელწოდება და სიუჟეტი გააჩნია, სადაც ბალზაკი წარმოაჩენს საფრანგეთის ცხოვრებას 1815 წლიდან.

ბალზაკმა ზუსტი დაკვირვებითა და შეულამაზებელი სინამდვილით წარმოადგინა საზოგადოების სახე. ის ითვლება რეალიზმის ფუძემდებლად ევროპულ ლიტერატურაში. ბალზაკის შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვანი პერსონაჟებით, რომლებიც გაორებულნი არიან მორალური დილემით. მისმა ნაშრომებმა გავლენა იქონია მის შემდგომ მწერლებსა და ფილოსოფოსებზე. მათ შორის არიან მარსელ პრუსტი, ემილ ზოლა, ჩარლზ დიკენსი, ედგარ ალან პო, თედორე დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ჰენრი ჯეიმსი, უილიამ ფოლკნერი, ჯეკ კერუაკი, იტალო კალვინო, ფრიდრიხ ენგელსი, კარლ მარქსი. მისმა მრავალმა ნაშრომმა ასახვა ჰპოვა ასევე ფილმებში და დღემდე შთაგონების წყაროა მწერლებისთვის, რეჟისორებისა და კრიტიკოსებისთვის.

ბალზაკი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა თავისუფალი აზროვნებითა და მტკიცე, ჯიუტი ხასიათით, რაც მას პრობლემებს უქმნიდა ჯერ სკოლაში, შემდეგ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა იურიდიულ ფირმაში, თუმცა, მან ამ სფეროში კარიერის გაგრძელება არ ისურვა არაჰუმანური და დამღლელი რუტინული სამუშაოს გამო. ბალზაკმა მისი სამწერლო მოღვაწეობის განმავლობაში და მანამდეც სცადა კარიერის აწყობა, როგორც პუბლიცისტმა, მესტამბემ, ბიზნესმენმა, კრიტიკოსმა და პოლიტიკოსმა, თუმცა, ყველა სფეროში მარცხი განიცადა. „ადამიანურ კომედიაში“ ბალზაკმა ასახა საკუთარი რეალური ცხოვრებისეული სიძნელეები და იმედგაცრუება.

ბალზაკს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ ოჯახთან ფინანსური სიძნელეებისა და პირადული უთანხმოების გამო. 1850 წელს ბალზაკი დაქორწინდა. ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ კი გარდაიცვალა.
Email
ავტორის წიგნები