წიგნი
მონეტა N13 - დრამა
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-530-1
აღწერა : Av. იესო ქრისტე სახარებით ხელში. ბერძნული ზედწერილი: „იესო ქრისტე“. ქართული ზედწერილი: „სახელითა ღვთისაითა იჭედა ქორონიკონსა 450“ (1230 წ.). Rv. შუაში ქართული ზედწერილი: „რუსუდან“. არაბულად: „დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი“.
1223-1245 წლებში საქართველოში თამარის ქალიშვილი, რუსუდანი მეფობდა. მისი მეფობა უიღბლო გამოდგა. ჯერ ჯალალ ედ-დინის, ხოლო შემდეგ მონღოლთა შემოსევების სახით საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება. რუსუდანის სამონეტო საქმიანობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში _ შეწყდა ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტების ემისია და კვლავ აღდგა ვერცხლის ფულის გამოშვება. რუსუდანმა საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, 1230 წელს განაახლა საქართველოში ვერცხლის ფულის ემისია, რაც „ვერცხლის კრიზისის“ დასასრულის მაუწყებელი იყო. გატარებული სამონეტო რეფორმის შედეგად მოიჭრა ვერცხლის ფული _ დრამა; გაჩნდა ქართული სამონეტო ტერმინი „თეთრი“. ის საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებად და ღირებულების საზომად იქცა XIII-XVI სს-ში. 1235 წ-ს ტრაპიზონის სამეფოშიც დაიწყო ვერცხლის მონეტების მოჭრა, აგრეთვე წინა აზიის ისლამურ სახელმწიფოებშიც. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის დაიდო საგანგებო შეთანხმება ვერცხლის მონეტის ერთი სისტემით მოჭრის თაობაზე.
Email