თანამედროვე ფილმებად ქცეული თრილერები
თანამედროვე ფილმებად ქცეული თრილერები
07 აგვისტო, 2017 წ.
თრილერის ჟანრის წიგნები ხასიათდებიან სწრაფად განვითარებადი ჩახლართული სიუჟეტით, მისტიკური შინაარსით და დაძაბული სტრუქტურით, რომლებიც ახდენენ მკითხველის განწყობის სტიმულირებას და მის მაქსიმალურ ჩართულობას წიგნის შინაარსში. ამ ჟანრის წიგნები ყოველთვის დატვირთულია უცნაური, მისტიური და დასამახსოვრებელი პერსონაჟების სახეებით.

სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით იზიდავს თრილერის ჟანრი მკითხველის დიდ რაოდენობას, ამიტომ იგი თამამად შეიძლება დასახელდეს 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრად. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბესტსელერების უმეტესობა სწორედ ამ ჟანრს განეკუთვნება. მისმა პოპულარობამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ფილმს იღებენ თრილერის ჟანრის წიგნებზე, რომლებშიც მთავარ როლებს ცნობილი კინოვარსკვლავები ასრულებენ. გთავაზობთ თრილერის ჟანრის ბესტსელერებს, რომლის მიხედვით ასევე ბესტსელერი ფილმები გადაიღეს და რომლებიც „პალიტრა L“- ის მიერ არის თარგმნილი და გამოცემული სერიის „ტოპ თრილერი“ ფარგლებში.

ს.ჯ უოტსონი - სანამ დავიძინებ. ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს, მას მეხსიერება დაკარგული აქვს. მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს... სანამ დაიძინებს... დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და დაემართა ამნეზია. მისი მიხედვით 2014 წელს ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფერტი ასრულებენ.

ჯეიმზ პეტერსონი - ობობას გამოჩენა. ჰოლივუდის კინოვარსკვლავისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია, სასტიკი და შეუბრალებელი. მას საუკუნის დანაშაულის ჩადენა სურს. თამაში იწყება…

ჯეიმზ პეტერსონი გახლავთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორი, ვისი ნაწარმოებებიც ყველაზე მეტჯერ გახდა ნიუ იორკ თაიმსის N1 ბესტსელერი. იგი გინესის რეკორდსმენიც კი გახლავთ ელექტრონული წიგნების გაყიდვაში. ფილმმა კი, რომელიც მისი ბესტსელერის „ობობას გამოფენა“-ს მიხედვით გადაიღეს, მსოფლიო აალაპარაკა. ფილმში მთავარ როლებს მორგან ფრიმენი და მონიკა პოტერი ასრულებენ.

გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი. ეს ამბავი „იმ დღეს“ იწყება, „იმ დღეს“, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. წიგნის ეკრანიზაცია 2014 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო, სადაც მთავარი როლები ბენ აფლეკმა და როსამუნდ პაიკმა შეასრულეს.

სტივენ კინგი- მობილური. ახლა თქვენი ჯერია! მომდევნო ზარი, რომელსაც უპასუხებთ, დასასრულის დასაწყისი იქნება! სად იყავით პირველი ოქტომბრის 03:03 საათზე?! მხოლოდ ერთადერთი შემავალი ზარი მობილურ ტელეფონში და ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან არა ადამიანები, არამედ ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ.

სტივენ კინგი ის მწერალია, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მისი რომანების მიხედვით 100-ზე მეტი ფილმია გადაღებულია. 2016 წელს „მობილურის“ ეკრანიზაციაც გამოვიდა, სადაც მთავარ როლებს ამერიკელი კინოვარსკვლავები ჯონ ქიუსაკი და სამუელ ელ ჯეკსონი ასრულებენ.

პოლა ჰოკინსი - გოგონა მატარებელში. რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. მას უჩნდება გრძნობა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება სრულყოფილი ეჩვენება. მერე ის ხედავს რაღაცას, რაც შოკში აგდებს... ნიუ იორკ თაიმსისა და მსოფლიო ბესტსელერის კინო ადაპტაციის პრემიერა 2016 წელს შედგა, სადაც მთავარი როლი ემილი ბლანტმა შეასრულა.

ტომ რობ სმიტი-ბავშვი 44. სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება. ამ სისტემის დამცველი იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვია, მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. წიგნის ეკრანიზაცია დანიელ ესპინოზამ გადაიღო 2015 წელს. მასში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიცაა: ტომ ჰარდი, გარი ოლდმენი და ნუმი რაპასი.

ქეით ატკინსონი-გაუხსნელი საქმეები. საქმე N1: სამი წლის გოგონას გაუჩინარება. საქმე N2: ცნობილი ადვოკატის ქალიშვილის უცნაური მკვლელობა. საქმე N3: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია. თითქოს ამ დანაშაულებს შორის კავშირი არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად, 34 წლის შემდეგ, კერძო დეტექტივი, ჯექსონ ბროდი, გამოძიებას იწყებს. წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი, რომელიც BBC ONE-ზე გადიოდა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯეიმზ ელროი-ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლოს-ანჟელესში, მისი ნათელი მზით, მიმზიდველი სანაპიროებით და ორგანიზებული დანაშაულებებით.

წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი 1998 წელს გამოვიდა და ოსკართან ერთად მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მთავარი როლი კი ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა, ქევინ სფეისიმ შეასრულა.

სერია „ტოპ თრილერის“ ფარგლებში სულ 30 ბესტსელერია თარგმნილი და გამოცემული.
ელფოსტაბეჭდვა