თინეიჯერული ლიტერატურა
ძალიან საინტერესო წიგნია. იგი მოგვითხრობს ფანტასტიკურ ამბავს: დაავადება, რომელმაც ერთხელ უკვე შეაძრწუნა მსოფლიო, ახალ შეტევას იწყებს. იგი ნელ-ნელა ღვივდება და კაცობრიობას განადგურებით ემუქრება, მაგრამ ამჯერად მას მოწინააღმდეგეები ჰყავს. მარკი და ტრინა დარწმუნებული არიან, რომ გადარჩენის გზა არსებობს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს გზა იპოვონ, რათა თავიანთი თუ არა, სხვების სიცოცხლე მაინც იხსნან.
ნიკა ინასარიძე, 16 წლის
„ლაბირინთში მორბენლის“ კითხვა რომ დავიწყე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც თომასთან ერთად ვიყავი იმ უცნაურ ადგილას, რომლის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა და ძალიან მაინტერესებდა, რა იყო იქაურობის შექმნის მიზეზი. თუ თქვენც იგივე იგრძენით, ეს წიგნი თქვენთვისაა _ შესანიშნავი ამბავი და უამრავი საიდუმლოს ამოხსნა გელით წინ. თუმცა ჯეიმზ დაშნერი საიდუმლოებათა დიდოსტატია და თუ თქვენ იმედი გაქვთ, რომ ამ წიგნში ყველაფერს ნათელი მოეფინება, მოემზადეთ: თქვენი იმედების განადგურების ბრძანება გაცემულია!
ნინო მალაყმაძე, 14 წლის
ალბათ, ყველას ბევრი კითხვა დაგრჩათ „სიკვდილით განკურნების“ წაკითხვის შემდეგ და ელოდებოდით „განადგურების ბრძანებას“, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ეს წიგნიც სამი დაუვიწყარი ტომის მსგავსად საინტერესო და თავბრუდამხვევი ეპიზოდებით სავსე იქნებოდა! ჰოდა, იცით, რას გეტყვით? კარგად მოკალათდით და ყველა საქმე გადადეთ, რადგან წინ გათენებული ღამეები და ამაღელვებელი თავგადასავალი გელით. ასეთი წიგნი თქვენ ჯერ არ წაგიკითხავთ!
ნუცა ბერიაშვილი, 12 წლის