თინეიჯერული ლიტერატურა
ვფიქრობ, რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ ერთ-ერთი გამორჩეული და ჰუმანური ნაწარმოებია Liberteens-ის წიგნებს შორის. ავტორმა შთამბეჭდავად აღწერა საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მსხვერპლი ოჯახის ისტორია. დასამახსოვრებელი პერსონაჟებითა და მძაფრი, ღრმა ემოციური სიუჟეტით ნაწარმოები გულგრილს არცერთი თაობის მკითხველს არ დატოვებს.
თაკო ახალაძე, 18 წლის
„რუხ ჩრდილებს შორის“ ის წიგნი აღმოჩნდა, რომლის კითხვისას, რომ იტყვიან, სუნთქვა შემეკრა. ეს არის წიგნი მებრძოლ გოგონაზე, რომელიც მზადაა, ოჯახისთვის თავი გაწიროს და იარაღად საკუთარი ნიჭი გამოიყენოს − ლინა ხომ ხელოვანია?! როგორია უხეში ძალის წინაშე დარჩენილი უდანაშაულო ადამიანის ბედი? ეს წიგნი ამაზე დაგაფიქრებთ. კითხვისას ბევრჯერ დავნაღვლიანდი, თუმცა ლინასავით იმედი ამბის დასასრულამდე არ დამიკარგავს და მართლაც, ბრძოლას, სულის სიმტკიცეს ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის აქვს აზრი, თუმცა ამის საზღაურიც საკმაოდ დიდია... მოკლედ, გაიცანით ლინა და გაჰყევით მას რუხი ჩრდილებისკენ − თქვენ დაუვიწყარი ემოციური თავგადასავალი გელოდებათ.
საბა ზამთარაძე, 14წლის
ვფიქრობ, „ანა ფრანკის დღიურის“ შემდეგ რეალურ ტრაგედიაზე დაფუძნებული ასეთი სიძლიერის ემოციური ამბავი არ წამიკითხავს. წიგნში აღწერილი სინამდვილე ერთიანად შეგძრავთ და გულს დაგიმსხვრევთ. მახსოვს, როცა კითხვა დავამთავრე, ერთდროულად იმდენი განსხვავებული გრძნობა დამეუფლა, რომ ამ გრძნობებში გაურკვეველს წიგნისთვის ხელი არ გამიშვია და კითხვა თავიდან დავიწყე. საოცარი წიგნია, საოცარი თხრობის სტილითა და ძლიერი პერსონაჟებით.
გიორგი მუზაშვილი, 16 წლის