თინეიჯერული ლიტერატურა
საიდუმლო არასდროს რჩება საიდუმლოდ. თინეიჯერი ნორიას ისტორია, რომელიც ვალდებულია გააკეთოს არჩევანი ტრადიციებსა და სიცოცხლეს შორის, არ დატოვებს მკითხველს გულგრილს. ამბავი მეგობრობაზე, სიყვარულზე, ოჯახზე, ტრადიციებსა და ვალდებულებებზე, რომელიც გლობალური დათბობის შემდგომ დედამიწაზე ხდება ნადმვილად გასაოცარ  თავგადასავალს გპირებათ. 
სოფო, 22 წლის
დისტოპიური ჟანრის წიგნების აგებულება ძირითადად ყველამ იცის. სასიყვარულო სამკუთხედი, უსამართლო სისტემა და რევოლუცია… ეს მათი განუყოფელი ნაწილია! მინდა, გითხრათ, დაივიწყეთ! აქ ვერც რევულუციის კადრებს მიადევნებთ თვალს და ვერც სასიყვარულო სამკუთხედი აგიჩქარებთ გულს! აქ წმინდა ადამიანურ გრძნობებს მოგიწევთ დასჯერდეთ! ეს წიგნი ადამიანობაზეა…. და იმ პატარა გოგონას გმირობაზე, რომელიც მზად არის სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
ნანუკა, 16 წლის

”წყლის საიდუმლო” მომხიბლველი წიგნია. ავტორმა მარტივად და მსუბუქად მოგვითხრო ძალიან საინტერესო, ცოტათი სევდიანი, ძლიერი ემოციებით დატვირთული ამბავი. წიგნის წაკითხვის შემდეგ დიდხანს იქნებით შთაბეჭდილებების ქვეშ და აუცილებლად მოგინდებათ,  სხვებსაც გაუზიაროთ ის.
ბაია, 17 წლის

ვერასდროს წარმოვიდგენ, რომ ჩვენს სამყაროს, შესაძლოა, მომავალში ასეთი ბედი ეწიოს. ვერც გლობალური დათბობა წარმომიდგენია, ვერც ის, რომ ჩინეთი ევროპას დაეპატრონება და ვერც იმას, რომ 17 წლის გოგონა ისურვებს, რომ ჩაის დამზადების ხელოვნებას დაეუფლოს, რომ თავისი სოფელი უზრუნველყოს წყლის რესურსებით. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, რადგანაც ნორია ჩემთვის სამაგალითო გახდა
მარიამი, 14 წლის